წესდება

წესები და პირობები

  1. შეთანხმების საგანი

1.1 წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს kings.ge-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “კინგსი”) ოლიმპიადების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე ოლიმპიადების მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის და მომსახურების გაწევის საკითხებს. 

  1. ოლიმპიადის მიზნები

2.1 ოლიმპიადის მიზნებია:

ა) სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება; 

ბ) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;

გ) მოსწავლეებმა სწავლის საწყის ეტაპზევე თვალნათლივ დაინახონ საკუთარი შრომისა და მონდომების შედეგი.

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.  

2.2 ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად კინგსი უზრუნველყოფს:
ა) ტესტის შეფასების ობიექტური და უნიფიცირებული მეთოდების შემუშავებას;

ბ) ტესტირების ადმინისტრირებას;

გ) შედეგების მეთოდოლოგიურ და პროგრამულ გასწორებას.

დ) თითოეული მონაწილისთვის პერსონალური უკუკავშირის მიწოდებას.

 

  1. ოლიმპიადების ჩატარების სტრუქტურა

3.1 „კინგსი“ ორგანიზებას უწევს სამ საგნობრივ ოლიმპიადას: ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში სასწავლო წელიწადში ორჯერ: გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში. ასევე, "კინგსი" აორგანიზებს სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო ოლიმპიადას პროექტების ფარგლებში, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.kings.ge

3.2 თითოეული საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად: I ტური და II ტური - ფინალი. (გამარჯვებულის გამოვლენის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სუპერფინალის ჩატარება, წინამდებარე წესდების მე-10 მუხლის შესაბამისად)

3.3 თითოეული საგნობრივი ოლიმპიადის (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა) ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი.

3.4 ოლიმპიადის ჩატარების განრიგი და ლოკაციები (საკლასო კატეგორიების მიხედვით) ქვეყნდება ოლიმპიადის ჩატარებამდე 1 კვირის განმავლობაში, ვებ-გვერდზე www.kings.ge.

3.5 ოლიმპიადის ჩატარების ლოკაციებსა და განრიგში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, არა უგვიანეს ოლიმპიადის ჩატარებამდე 1 კალენდარული დღისა.

3.6 ოლიმპიადის ჩატარების საბოლოო ლოკაცია და განრიგი ქვეყნდება kings.ge-ზე, განრიგის გვერდზე ან/და სიახლის სახით. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება კინგსის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ეგზავნებათ მონაწილეებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ოლიმპიადის ჩატარებამდე სულ მცირე 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. 

3.7 ვინაიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნისას კინგსისგან დამოუკიდებლად შესაძლოა შეიქმნას ქსელური ხარვეზი და შეტყობინება არ მიუვიდეს ადრესატს, ყველა მონაწილეს ვალდებულია საბოლოო ინფორმაციის გადასამოწმებლად ეწვიოს კინგსის ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდს, ან დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე: 0322306131

  1. რეგისტრაცია და ოლიმპიადაში მონაწილეობა

4.1 ოლიმპიადა ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X და XI-XII (მე-11 და მე-12 კლასელები გაერთიანებულნი არიან ერთ საკლასო კატეგორიაში) კლასის მოსწავლეთათვის. 

4.2 მათემატიკის ოლიმპიადაზე, მათემატიკური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლა "კომაროვი", თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41-ე საჯარო სკოლა (გარდა მეორე კლასიდან მეექსვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისა)), ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა (გარდა მეორე კლასიდან მეექსვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისა) მოსწავლეებს მხოლოდ კონკურსგარეშე მონაწილეობის უფლება აქვთ.

აღნიშნული პუნქტი არ მოქმედებს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის. საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანი არის მათემატიკური განხრით ყველაზე ძლიერი მოსწავლეების შერჩევა და მათი წარდგენა საზღვრებს გარეთ საქართველოს სახელით. შესაბამისად, ამ კონკურსში ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიც არიან ჩართულები.

4.3 ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლემ უნდა გაიაროს სპეციალური ონლაინ რეგისტრაცია კინგსის ვებ-გვერდზე: www.kings.ge; 

4.4 ამ მუხლის 4.3. პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ დაანონსებულ ვადებში. 

4.5 რეგისტრაციის შედეგად იქმნება მონაწილის პირადი პროფილი და მოსწავლეს ენიჭება უნიკალური ექვსნიშნა კოდი, რომლის მითითებაც აუცილებელია როგორც ოლიმპიადებზე, ისე 5.1. პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადახდისას.

4.6 სამივე საგნობრივი ოლიმპიადის (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა)  პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა;

5. საფასური და თანხის დაბრუნების წესი

5.1 სამივე საგნობრივი ოლიმპიადის (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა) მეორე/ფინალურ ტურში მონაწილეობა ფასიანია და ღირებულება შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს.
5.2. მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ოლიმპიადის ფინალური ტურისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება, ფინალური ტურის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, თუკი მას არ მიუღია ფინალურ ტურში მონაწილეობა. ამასთან, თანხის დაბრუნება შესაძლოა, განხორციელდეს მონაწილის პროფილზე, ამ თანხის მომდევნო ოლიმპიადაზე გამოყენების მიზნით, ან გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. თანხის დაბრუნების ვადა მონაწილის მიერ კინგსის ელ-ფოსტაზე (info@kings.ge) გადახდის ქვითრის, გადამხდელის ანგარიშის ნომრის, პირადი ნომრის, სახელისა და გვარის და მონაწილის უნიკალური კოდის გამოგზავნიდან აითვლება და ხორციელდება ამ ინფორმაციის სწორად მოწოდებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

5.3. ამ მუხლის 5.1. პუნქტში მითითებული საფასურის გადახდა წარმოებს ოლიმპიადის მეორე, ფინალური ტურის ჩატარების დრომდე, შემდეგი საშუალებებით: სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით (სხვადასხვა/განათლება - კინგსი), საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ონლაინ გადახდით (ყველა შემთხვევაში უნდა მიეთითოს მონაწილის უნიკალური ექვსნიშნა კოდი)

5.4. ამ მუხლის 5.1 პუნქტის გათვალისწინებით გადახდილი ოლიმპიადის საფასურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე სეზონის განმავლობაში.

6. პერსონალური მონაცემების დამუშავება

6.1. Kings.ge-ზე რეგისტრაციით მომხმარებელი (ოლიმპიადის 16 წელს მიღწეული მონაწილე, 16 წლამდე ასაკის მონაწილის მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი, ან მასწავლებლად რეგისტრაციისას - მასწავლებელი)„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს თანხმობას რეგისტრაციისას მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

6.2. kings.ge-ს აქვს უფლება, დაამუშაოს ყველა ის ინფორმაცია, რაც რეგისტრაციისას მიუთითა მომხმარებელმა, ან/და კინგსის მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო პროექტებისა თუ ღონისძიებების, ოლიმპიადების მიმდინარეობისას, ან სხვა ფორმით გადასცა მომხმარებელმა kings.ge- წარმომადგენელს.

6.3. kings.ge-ს უფლება აქვს დაამუშავოს 6.1. და 6.2. მუხლების შესაბამისად მოპოვებული პერსონალური მონაცემები, ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით

6.4. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებია:

6.4.1. საგანმანათლებლო სერვისების, სიახლეების, ღონისძიებების, ვორქშოპების, პრიზების და სხვ. შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

6.4.2. მარკეტინგული კამპანიების ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება;

6.4.3. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება;

6.4.4. სტატისტიკის წარმოება;

6.4.5. პროდუქტების, მომსახურებისა და ვებგვერდის განვითარება;

6.4.6. გადახდების განხორციელება და ადმინისტრირება;

6.4.7. kings.ge იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლების მიერ გადმოცემული პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.

6.5. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს ამ მუხლის 6.1. და 6.2. მუხლების მიხედვით გადმოცემული თანხმობა. ამისათვის, მომხმარებელმა უნდა გადმოგზავნოს აღნიშნული მოთხოვნის წერილი, პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, თანდართული მონაცემებით მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის, ელ-ფოსტაზე info@kings.ge

6.6. kings.ge შეწყვეტს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას 6.5. მუხლით გათვალისწინებული წერილის მიღებიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7. ოლიმპიადის ტურების ჩატარების ფორმა


7.1 ოლიმპიადა ტარდება ტესტირების მეშვეობით, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე;

7.2 ოლიმპიადის ყოველ ტურზე თითოეული მონაწილის ტესტური ნაშრომი დაშიფრულია ინდივიდუალური სისტემით, რაც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალურობას.

7.3 ტესტირება, ოლიმპიადის ტურების შესაბამისად, ქალაქებში ტარდება თითოეული საკლასო კატეგორიისთვის ერთდროულად (მაგ. მთელ საქართველოში ყველა მეორე კლასელს ერთდროულად და სხვ.)

7.4 თიოეული ტურის ტესტირების შედეგები ქვეყნდება ოლიმპიადიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

7.5 ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა მონაწილემ გადალახოს პირველ ტურში დაწესებული ქულათა ბარიერი, რომლის შესახებ ინფორმაცია მითითებულია ტესტის თავფურცელზე.

 

8. ტესტები და ტესტირება

8.1 ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს ,,კინგსი”. ტესტის მასალის 70%-ზე მეტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშე მასალას. 

8.2 ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეირჩევა განსხვავებული სირთულის ტესტი კონკრეტული კლასის შესაბამისად. 

8.3 თითოეული ტესტის მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა გაწერილია ტესტის ფურცელზე.

8.4 ოლიმპიადის თითოეული ტურის ხანგრძლივობაა 1 საათი; 

8.5 ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია: 

ა) დროულად გამოცხადდეს ტესტირებაზე. ტესტირების დაწყებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე ტესტირებაზე მხოლოდ კონკურსგარეშედ დაიშვება (შეუძლია დაწეროს ტესტი და მიიღოს ქულა, თუმცა საპრიზო ადგილს ვერ დაიკავებს), ხოლო 30 წუთის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დაიშვება ოლიმპიადაზე.

ბ) დაიცვას წესდება, კეთილსინდისიერად იმუშავოს ტესტზე.

გ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი. 

8.6 ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება: 

ა) მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული აპარატურის გამოყენება;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება; 

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, თუ ამან არსებითად ხელი შეუშლა ტესტირების მიმდინარეობას; 

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად. 

8.7 ამ მუხლის 8.6. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში. 

8.8 ამ მუხლის 8.6. პუქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კინგსის ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს ყველა ის ღონისძიება რომელიც მიმართული იქნება აღნიშნული ფაქტის აღკვეთისკენ.

8.9 ტესტირების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) პირები, რომელთაც აქვთ „კინგსის“ მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი/ბეიჯი;

ბ) მეთვალყურე; 

გ) ადმინისტრატორი; 

დ) ადმინისტრატორის თანაშემწე; 

ე) ექიმი; 

ვ) საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი. 

8.10 ამ მუხლის 8.9. პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

 

9. ოლიმპიადის შედეგები და გასაჩივრების წესები

9.1 ოლიმპიადის თითოეული ტურის შედეგები ქვეყნდება ოლიმპიადის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ვებ-გვერდზე www.kings.ge, მონაწილის პირად პროფილში.

9.2 მონაწილეს საკუთარი შედეგის ნახვა შეუძლია იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მიუთითა პასუხების ფურცელზე ოლიმპიადაზე.

9.3 ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა მონაწილემ გადალახოს პირველ ტურში დაწესებული ქულათა ბარიერი, რომლის შესახებ ინფორმაცია მითითებულია ტესტის თავფურცელზე ან/და კინგსის ვებ-გვერდზე.

9.4 ოლიმპიადის ყოველი ტურის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება კინგსის მიერ შექმნილი ოლიმპიადის საპრეტენზიო კომისიის მიერ; 

9.5 ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის შედეგების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

9.6 ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს კინგსის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (claim@kings.ge)

9.7 ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

9.8 საპრეტენზიო განაცხადი უნდა მოიცავდეს კონკრეტულ არგუმენტებს საჩივრის გასამყარებლად.

9.9 საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

9.10 საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული ან შემოხაზულია ორი ან მეტი ვარიანტი; 

9.11 საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „კინგსი“ უფლებამოსილია დაარედაქტიროს გამოქვეყნებული შედეგები მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე; 

9.12 მეორე, ანუ ფინალური ტურის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ, დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია თითოეული საკლასო კატეგორიის მიხედვით, რომლის საფუძველზეც ვლინდება 3 საუკეთესო - გამარჯვებული მოსწავლე.

9.13 რეიტინგული სია ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.kings.ge სიახლის სახით. 

9.14 ფინალური ტურის ქულის შესაბამისად, თითოეული მონაწილე მიიღებს დიპლომს/სერტიფიკატს. (ქულათა გადანაწილება მოცემულია ფინალური ტურის ტესტის თავფურცელზე).  

10. სუპერფინალი

10.1 ამ მუხლის 9.1. პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუკი ფინალური ტურის შედეგების დამთხვევის გამო ვერ ვლინდება 3 საუკეთესო მონაწილე, ყურადღება ექცევა პირველი ტურის შედეგებს, შესაბამისად, გამარჯვებულია ის, ვისი შედეგიც უფრო მაღალია.

10.2 ამ მუხლის 9.1. პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თუკი ვერ ვლინდება გამარჯვებული 3 მონაწილე, რადგან მონაწილეთა როგორც ფინალური, ისე პირველი ტურის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, ტარდება სუპერფინალი, რომლის ჩატარების დროსა და ადგილს „კინგსი“ ინდივიდუალურად, სატელეფონო ზარის ან/და სმს. Შეტყობინების სახით აცნობებს სუპერფინალში გასულ მონაწილეებს,მონაწილესთან ვერდაკავშირების შემთხვევაში კინგსი ცდილობს დაუკავშირდეს მონაწილის სკოლის ადმინისტრაციას, სუპერფინალის ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 კალენდრული დღისა.

10.3 თუკი, ამ მუხლის 9.11. ან/და 10.1. პუნქტებით გათვალისწინებული წესებით ვლინდება საუკეთესო 3 მონაწილე, მაგრამ ვერ ვლინდება პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლე, პირველადგილოსნის გამოსავლენად გამოიყენება 10.2. პუნქტით გათვალისწინებული წესი.

10.4 სუპერფინალის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია შედეგების გამოქვეყნებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, წინამდებარე წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად.

10.5 სუპერფინალის საპრეტენზიო განაცხადები განიხილება განაცხადის მიღებიდან 1 კალენდრული დღის განმავლობაში.

10.6 სუპერფინალის შედეგები ქვეყნდება სუპერფინალის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ, 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ვებ-გვერდზე www.kings.ge, სიახლეებში.


11. ოლიმპიადის მონაწილეთა დაჯილდოება

11.1 წინამდებარე წესდების 9.14. მუხლის შესაბამისად, თითოეული მოსწავლე მიიღებს დამსახურებულ დიპლომს/სერტიფიკატს გაზაფხულის/შემოდგომის სეზონის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.

11.2 წინამდებარე წესდების მე-9 მუხლებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გამოვლენილი გამარჯვებული სამეულები მიწვეულნი იქნებიან „კინგსის“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ღონისძიებაზე, სადაც გადაეცემათ კუთვნილი დიპლომები და წამახალისებელი პრიზები.

11.3 წინამდებარე წესდების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამარჯვებული მონაწილეები, რომლებიც ვერ გამოცხადდებიან დაჯილოდების ღონისძიებაზე, მიღებული პრიზები უნდა გაიტანონ პრიზების მიღებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, კინგსის სათაო ოფისიდან (თბილისი, მედეა ჩახავას N9). კინგსი არ იტოვებს პრიზების 3 (სამ) თვეზე დიდხანს შენახვის ვალდებულებას.

11.4 2023 წლის შემოდგომის სეზონის დიპლომების გაცემის წესი:

ქართული და ინგლისური ენები: 

I ხარისხი 91-დან 100 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

II ხარისხი 81-დან 90 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

III ხარისხი 71-დან 80 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

70 ქულა და ნაკლები სერტიფიკატი

მათემატიკა: 

I ხარისხი 91-დან 100 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

II ხარისხი 71-დან 90 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

III ხარისხი 61-დან 70 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

60 ქულა და ნაკლები სერტიფიკატი