აქციე წარმატება ჩვევად

ძვირფასო კინგსელებო,


მოხარულები ვართ, რომ კინგსის ოლიმპიადები გრძელდება და გვაქვს საშუალება, გიმასპინძლოთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაზე!

ამ სეზონის სლოგანია: „აქციე წარმატება ჩვევად“.

კინგსის გუნდის სახელით, მინდა გაგიზიარო რატომ შევარჩიეთ ასეთი სლოგანი: 


აბა, ჩაფიქრდი იმაზე, რითაც ამაყობ - შესაძლოა, ეს კარგი შეფასებებია სკოლაში, ან რაიმე თამაში, რომელში გამარჯვებაც ძალიან რთული იყო, შენ კი  გაიმარჯვე და ა.შ. ეს წარმატება ხომ შემთხვევითი არ ყოფილა?

ეს იმიტომ მოხდა, რომ შენ ეცადე, ივარჯიშე და გააკეთე სწორი არჩევანი.

ესაა ჩვევების ძალა - ყოველი წვრილმანი, რასაც აკეთებ, როგორიცაა: ყოველდღიურად ცოტ-ცოტა სწავლა, დღეში ერთი ამოცანის ამოხსნა, 5 უცხო სიტყვის შესწავლა ერთმანეთს ემატება და შენ უფრო მცოდნე და წარმატებული ხდები. დროთა განმავლობაში კი ეს პატარა მომენტები დიდ მიღწევად გადაიქცევა.

რატომ აქვს ჩვევებს ასეთი ძალა?

იმიტომ, რომ ჩვევებით განისაზღვრება ვინ გახდები. შეიძლება მაშინვე ვერ დაინახო, მაგრამ დროთა განმავლობაში შეამჩნევ, რომ უფრო სწრაფად სწავლობ, უფრო ჭკვიანურად ფიქრობ და თავს მეტად თავდაჯერებულად გრძნობ.


როდესაც წარმატებას ჩვევად აქცევ, აღარ უცდი იღბალს. შენ თავად ქმნი შენს იღბალს საკუთარი თანმიმდევრული ნაბიჯებით.

მაშ როგორ დაიწყო?


დაისახე პატარა მიზნები: არ დაისახო მიზნად, რომ თავიდანვე იყო სრულყოფილი - უბრალოდ დაისახე მიზნად, რომ იქნები უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი.

გამოჩნდი: მაშინაც კი, როცა არ გსურს, გამოჩნდი და გაბედე.  ყოველ დღე ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმა განსხვავებას ქმნის.

გაიმეორე: არ დასჯერდე ერთხელ გამოჩენას და ერთხელ დასახულ მიზნებს. გაიმეორე წინა ქმედებები. 


იზეიმე შენი წინსვლა: ყოველ ჯერზე, როცა ძალისხმევას სწევ შენ ნელ-ნელა წარმატებას ჩვევად აქცევ, ამიტომ აღნიშნე ეს ძალისხმევა. წაახალისე საკუთარი თავი. 

მიიღე არცოდნა გამოწვევად: არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, რომელმაც, ყველაფერი იცის. გაგიხარდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი და აღმოსაჩენი.

გახსოვდეს, კინგსის ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ არის მხოლოდ პრიზების მოგება. საუბარია ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც დაგეხმარება სკოლაში და ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში. 


კინგსის გუნდს სჯერა თითოეული თქვენგანის და იცის, რომ შენ გაქვს ყველაფერი, რომ შენი ძალისხმევა გრძელვადიან წარმატებად აქციო. როგორც გასულ სეზონზე გითხარით, წარმატება შენს ხელშია და შენ ხარ ის, ვინც არ უნდა გაუშვას ის ხელიდან, გარდაქმნას ერთჯერადი წარმატება ჩვევად. 


დაიმახსოვრე, შენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად არა ერთი და გრანდიოზული რამაა საჭირო, არამედ ესაა პატარა ჩვევები, რომლებსაც ყოველდღიურად იყალიბებ.

მოდი ერთად გავხადოთ ეს წელი უფრო უკეთესი ვიდრე წინა!

აქციე წარმატება ჩვევად


შენი პოტენციალის რწმენით,

კინგსის გუნდი


P.S გაითვალისწინე, როგორც დადებითი ჩვევები გვიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ისე მავნე ჩვევები გვიქმნის მეტ პრობლემას. ამიტომ ქმედებების წინ დაფიქრდი ეს ქმედება შენს დადებით ჩვევებს წაახალისებს თუ მავნეს.